logo
ENG



"ჩნდება მორალური დილემა" - CNN რუსების შემოშვებაზე სამხარაძის კომენტარს ავრცელებს

30 სექ 202201:15
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/30/3383oa6eoxn5hwo.jpg

CNN-ის ცნობით, საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ, შესაძლოა, საქართველომ გადახედოს ჰუმანიტარულ ნიადაგზე რუსეთის მოქალაქეების მიღების პოლიტიკას, თუ საქართველოში შემოსვლის მსურველი რუსების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

სამხარაძის თქმით, საზღვრის პრობლემა საქართველოსთვის "მორალური დილემაა", ვინაიდან რუსეთთან საზღვრების დაკეტვა პუტინისთვის სასიკეთო ნაბიჯი იქნება, თუმცა რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოდინება "მძიმე ტვირთი იქნება ქვეყნის სოციალური სტრუქტურისთვის".

ის CNN-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოში გასულ კვირაში რუსეთის 60 000 მოქალაქე შევიდა, მათგან სამხარაძის თქმით, "სულ მცირე 40%" ეთნიკურად ქართველია, ვისაც რუსეთის მოქალაქეობა აქვს და "ახლა უკან მოდიან და ოჯახებსა და ნათესავებთან ბრუნდებიან".

„ჩვენ ვერ დავხურავთ საზღვარს, რადგან ეს პუტინისთვის სასარგებლო ქმედება იქნება, რადგან მას უნდა, ამ ხალხის მობილიზაცია, რათა ისინი უკრაინაში საბრძოლველად გაუშვას. ეს მძიმე ტვირთი იქნება ქვეყნის [საქართველოს] სოციალური სტრუქტურისთვის და ჩვენი პატარა ქვეყნის ბიუჯეტისთვის“ - განაცხადა სამხარაძემ.

სამხარაძის თქმით, ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაც 3.7 მილიონია ლტოლვილების დამატებით, მსოფლიოს სხვა ადგილებიდან მიღება გამოწვევაა ვინაიდან საქართველოში ოკუპირებული აფხაზეთიდან და ოსეთიდან 250 000-მდე დევნილია, უკრაინიდან 30 000, ხოლო ბელარუსიდან კი 15 000.

27 სექტემბერს საქართველოს შსს-მ განაცხადა, რომ 21 სექტემბრის შემდეგ საქართველო-რუსეთის საზღვარზე მოიმატა რუსეთიდან შემომსვლელ პირთა რაოდენობამ.

28 სექტემბერს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ გაზრდილია ნაკადები ლარსის გამშვებ პუნქტზე, თუ ამ დრომდე დღეში სტანდარტულად რუსეთის 5-6 ათასი მოქალაქე შემოდიოდა, რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის რიცხვი, 40-45%-ით გაიზარდა.

დღეს, ქართული ოცნების თავმდჯომარემ ირაკლი კობახიძემ პალიტრანიუსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე დაახლოებით 50 000 რუსეთის მოქალაქე იმყოფება, რომელთა უდიდესი ნაწილი ქართველია. კობახიძის თქმით, "საუბარი იმაზე, რომ ქართველები წავიდნენ და რუსები დარჩნენ ეს ელემენტარულად კომიკურია, ეს ცარიელი სპეკულაციაა".

 

21 სექტემბერს რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ პოტენციური გაწვევის თავიდან ასარიდებლად მობილიზაციით გათვალისწინებულმა ჯგუფებმა რუსეთის მასობრივად დატოვება დაიწყეს.

24 სექტემბერს, BBC-ის ცნობით, რუსეთ-საქართველოს საზღვართან მანქანების რიგი 10 კმ-ს აღწევდა, მოძრაობა ძალიან იყო შენელებული და ზოგიერთი ადამიანი 20 საათზე მეტი ელოდა საზღვრის გადაკვეთას.

27 სექტემბერს საქართველოს შსს-მ განაცხადა, რომ 21 სექტემბრის შემდეგ საქართველო-რუსეთის საზღვარზე მოიმატა რუსეთიდან შემომსვლელ პირთა რაოდენობამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ჯამში 17 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით რუსეთიდან შემოვიდა 78 742, ხოლო საქართველოდან რუსეთში 62 120 ადამიანი გადავიდა.

ევროკავშირის საზღვრისა და სანაპიროს დაცვის სააგენტოს Frontex-მა განაცხადა, გასულ კვირაში, 19-25 სექტემბერს, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსეთის 66 000 მოქალაქე შევიდა, რაც წინა კვირებთან შედარებით 30%-იანი მატებაა.

CNN საქართველოს, ყაზახეთისა და ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით აცხადებს, რომ სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთი 200 000-ზე მეტმა მოქალაქემ დატოვა.


close დახურვა